EN  GE
Mountain trails agency

November 14, 2022

FIS ინსპექტირება ბაკურიანში

ბაკურიანში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) წარმომადგენლებმა დასკვნითი ინსპექტირება განახორციელეს.

საქართველო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. 2023 წლამდე ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული, განახორციელოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინსპექტირებას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS) უწევს.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დელეგატებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და საორგანიზაციო სამუშაოები შეაფასეს.

FIS-ის გენერალურმა მდივანმა, მიშელ ვიონმა, საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოები დადებითად შეაფასა:

„ფინალური ინსპექცია აქ, ბაკურიანში, რომელიც FIS-ის მიერ განხორციელდა, ძალიან შთამბეჭდავი იყო. ახალი მშენებლობები, ინფრასტრუქტურა, უზარმაზარი ტბა 200 000 კუბური მეტრი წყლის მოცულობით… სამუშაოები საუკეთესოდ არის შესრულებული. ახლა კი, ველოდებით თებერვალს იმისთვის, რომ სრული სურათი დავინახოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად უზრუნველვყოფთ ბაკურიანში დაგეგმილი ღონისძიების საუკეთესოდ ჩატარებას“.

„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან დადებითად შეფასდა ჩვენ მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურა. დასრულდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარის მშენებლობა, აქტიურად მიმდინარეობს გათოვლიანების 29-კილომეტრიანი ხაზის მშენებლობა. დასრულებულია 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა. იმედს ვიტოვებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ღირსეულად ვუმასპინძლებთ.“- განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ.